საქართველოს პრეზიდენტი გერმანელ კოლეგას შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში იმყოფება, სადაც ბერლინში მას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა უმასპინძლა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა დღეიდან კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო.
სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებით, პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას. ირაკლი კობახიძის თქმით, ფაქტზე აუცილებელია რეაგირება, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობას პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტში 100 ხმა არ აქვს.
ოპოზიცია კი იწონებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მთავრობის უარყოფითი პასუხის მიუხედავად, მაინც შეხვედროდა ევროპელ ლიდერებს. საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, პრეზიდენტისთვის ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე მთავრობის უარი არის ქვეყნის ევროინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ახლანდელი ვიზიტების საორგანიზაციო და ლოგისტიკურ საკითხებში საელჩოები არ არიან ჩართული.