საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე საუბრობს ესტონეთის პრეზიდენტი. კერსტი კალიულაიდის გზავნილები განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ცოტა ხნის წინ ის მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა და მასთან ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესიც განიხილა.
საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ესტონეთის პირველი პირი ხაზს უსვამს, რომ რუსი კოლეგის პოზიციებში არაფერი შეცვლილა. სავარაუდოდ, სწორედ რუსეთის პირველ პირთან შეხვედრა იყო ერთ-ერთი საკითხი აუდიენციაზე, რომელიც ესტონეთის და საქართველოს პრეზიდენტებს შორის გაიმართა.
ტალინში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი დაიწყო. ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრების დროს განსაკუთრებული აქცენტი საქართველოს ევროპულ პერსპექტივას დაეთმობა. მანამდე კი ამ თემაზე ესტონეთის პრეზიდენტი „მოამბესთან“ საუბრობს და იმ ნაბიჯებზე მიუთითებს, რომლებიც საქართველომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უნდა გადადგას.