პრეზიდენტის ვიზიტები მთავრობის თანხმობის გარეშე

იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ევროპულ ტურნეს განაგრძობს. საქართველოს პრეზიდენტი გერმანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, დღეს ბრიუსელში მატარებლით ჩავიდა და შარლ მიშელს შეხვდა. აუდიენციის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ჯერ სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა, მოგვიანებით კი ევროპულმა საბჭომ. შეხვედრის თაობაზე ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებული განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ლიდერებმა განიხილეს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები და რეგიონში განვითარებული მოვლენები. ასევე განცხადებიდან ირკვევა, რომ შარლ მიშელმა შეაქო სალომე ზურაბიშვილის წვლილი ევროპული პერსპექტივისკენ წინსვლაში, განსაკუთრებით, შეწყალების უფლების გამოყენება, რამაც ხელი შეუწყო დეპოლარიზაციას. ფოტოების და ვიდეომასალის გარდა, თავად სალომე ზურაბიშვილს შეხვედრის დეტალებსა და იმპიჩმენტის საკითხზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.