„ნაცვლად იმისა, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე უპირობო განცხადებები მოგვესმინა, მოვისმინეთ რაღაცნაირი საყვედურნარევი განცხადება, რომ საქართველომ რუსეთის მიმართ სანქციები უნდა დააწესოს“ – ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებთან დაკავშირებით, რომელსაც მთავრობის თანხმობა არ აქვს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ვიზიტები დამაზიანებელია. განსხვავებულია ოპოზიციის მოსაზრება. მათი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ძალიან მნიშვნელოვანია, იმპიჩმენტს კი ისინი მხარს არ დაუჭერენ. საკონსტიტუციო სასამართლო სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით 3 ოქტომბერს იმსჯელებს.