საქართველოს პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო. სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა. პრეზიდენტმა განმარტა, რომ ვეტო იურიდიულად გამართულია და პარლამენტს ის დღესვე გადაეგზავნება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც მესამე მოსმენით პარლამენტმა 14 მაისს დაამტკიცა, პრეზიდენტის შეფასებით, ცვლილებებს არ ექვემდებარება და უნდა გაუქმდეს. რა წერია ზურაბიშვილის მიერ საკანონმდებლო ორგანოში გაგზავნილ დოკუმენტში, უცნობია, პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქტი ჯერ არ გაუსაჯაროებია.