პრეზიდენტი გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძეს მიმართავს.
წარსულში ერთმანეთთან დაპირისპირებულ პოლიტიკოსებს სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნოდ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. სწორედ მათ ერთობაში ხედავს სახელმწიფოს მეთაური მესამე ოპოზიციურ ცენტრს, რომელმაც მისი აზრით, გადაუწყვეტელ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება უნდა გაუადვილოს. პრეზიდენტი „ლელოს“ და „საქართველოსთვის“ ლიდერებს მოსაფიქრებლად დროს ხვალამდე აძლევს და მოლაპარაკებებისთვის საკუთარ რეზიდენციაში იწვევს. მოწვევა მიღებულია – ორივე მხარე სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობით კონსულტაციების დასაწყებად მზად არის.
თუ ალეკო ელისაშვილთან გაერთიანებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას გავითვალისწინებთ, წარსულში უთანხმოება და ერთმანეთის მწვავე კრიტიკა გახარია-ხაზარაძის ტანდემისთვის დამაბრკოლებელი გარემოება დიდი ალბათობით არ იქნება. „ლელოს“ ლიდერთან თანამშრომლობის რესურსზე ცოტა ხნის წინ თავად ექს-პრემიერი გახარიაც მიუთითებდა. დაირღვევა თუ არა ყოფილი პრემიერის გუნდის პირობა, რომლის მიხედვით ისინი ამომრჩევლებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას ჰპირდებიან და გამსხვილდება თუ არა „ლელოს“ გარშემო ახლად შექმნილი ცენტრი.