მმართველი გუნდი პრეზიდენტის მორიგი ვეტოს დასაძლევად ემზადება.
საუბარია საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებზე, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, თუმცა იურიდიულმა კომიტეტმა მოტივირებულ შენიშვნებს დღეს მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტისთვის მიუღებელია ცესკო-ში გადაწყვეტილებისთვის საჭირო მაღალი, ⅔-იანი კვორუმის უბრალო უმრავლესობით შეცვლა, რაც ზურაბიშვილის აზრით „ქართულ ოცნებას“ ერთპარტიული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს. იგივეს აცხადებს ოპოზიციაც, სადაც „ქართულ ოცნებას“ პირადი ინტერესებით მოქმედებაში ადანაშაულებენ. კრიტიკას არ იღებს მმართველი გუნდი და აცხადებს, რომ ცესკო-ში ოპოზიციის წარსული ქმედებების გათვალისწინებით, ცვლილებები აუცილებელია.