კანონპროექტი, რომლის გამო ახლად არჩეულ პრეზიდენტს პარლამენტთან კითხვები გაუჩნდა. სალომე ზურაბიშვილი ითხოვს, თავადაც ჩაერთოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, რომელიც მთავრობის მიერ მომზადებული ინიციატივის მიხედვით პრემიერის სათათბირო ორგანო იქნება.
აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ პროექტით საბჭოს შემადგენლობაში პრეზიდენტი მოაზრებული არ არის. ოპოზიციისგან გასხვავებით, მომავალი კანონის ასეთ ფორმულირებას „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდიც ეთანხმება. განსაკუთრებით მკვეთრი იყო პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ამბობდა, რომ ახალ საბჭოში პრეზიდენტის ადგილი არ იქნება. ირაკლი სესიაშვილმა დღეს ტონი შედარებით შეარბილა. ახლა ორი სახელისუფლებო შტო ერთად მსჯელობს, იქნება თუ არა და რა ფორმით სახელმწიფოს მეთაური წარმოდგენილი საბჭოში, რომელიც უსაფრთხოების საკითხებზე იმუშავებს. კონსულტაციები დაიწყო.