დანიელსონის დოკუმენტს სრულად ეთანხმება და ორივე მხარეს შეთანხმებისკენ მოუწოდებს პრეზიდენტი, რომელიც დღეს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით მივიდა. იყო კონკრეტული გზავნილები როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მისამართით. სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მთავარ გამოწვევად ოკუპაციას და პანდემიას ასახელებს. სწორედ კოვიდ-რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრის დროს პრეზიდენტმა წინა კვირას პოზნერის ვოიაჟით გამოწვეული ვნებათაღელვა გაიხსენა და ხელისუფლებას საკუთარ პასუხისმგებლობაზე და მეტ სიფრთხილეზე მიუთითა. ამ კონტექსტში ახსენა 20 ივნისი და გავრილოვის ვიზიტიც. პრეზიდენტის გამოსვლაში მოხვდა „ნამახვანჰესის“ გარშემო პროტესტიც. სალომე ზურაბიშვილი მეტი საჯაროობისთვის სახელმწიფო კომისიის შექმნას ითხოვს.