საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, პოლარიზაციის დასრულების აუცილებლობასა და ამ მიმართულებით ინკლუზიური პროცესის დაწყების საჭიროებაზე, პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურებები მოჰყვა.
ოპოზიცია ეთანხმება პრეზიდენტს, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება და მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსიის დაწყება აუცილებელია, თუმცა, მათი თქმით, ამისთვის საჭიროა, ამ მიმართულებით ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, რაც, მათი შეფასებით, არ ხდება. უფრო მეტიც, „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, მის მტკიცე უარს ახსენებს.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ის რაზეც პრეზიდენტმა ისაუბრა, მისასალმებელია, თუმცა, მათი შეფასებით, პოლარიზაციის შემცირებისთვის აუცილებელია ოპოზიციამ უარი თქვას დესტრუქციულ პოლიტიკაზე, ულტიმატუმების ენით საუბარზე და დაუბრუნდეს სრულფასოვან საპარლამენტო ცხოვრებას.