ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და მასთან დაკავშირებული პროცესები იყო მთავარი თემა, რაზეც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში ისაუბრა. ქვეყნის მეთაურმა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის ფონზე, პარტნიორი სახელმწიფოების როლზე გაამახვილა ყურადღება. ჩვენ პარტნიორების იმედი გვაქვს, ისინი შუამავლები თუ არა, საქართველოს ადვოკატები უნდა იყვნენ, გააგებინონ რუსეთს, რომ მას მეზობლებთან უნდა ჰქონდეს ურთიერთპატივისცემის პრინციპზე დაფუძნებული ურთიერთობა, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ინტერვიუში პრეზიდენტმა საქართველოს წინაშე არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება. კომენტარი გააკეთა ვლადიმერ პუტინის განკარგულებაზეც, ავიამიმოსვლის აკრძალვასთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილმა გერმანული ტელეკომპანიის მაყურებელს ზაფხულის საქართველოში გატარებისკენ მოუწოდა. უსაფრთხო გარემოს გაუსვა ხაზი და თქვა, რომ საქართველოს კარი ყველასთვის ღიაა. ინტერვიუს დროს პრეზიდენტმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზეც ისაუბრა.