ოპოზიცია პრეზიდენტისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება.
შერიგების და ეროვნული თანხმობის იდეის გაჟღერების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი სავარაუდოდ, ყველა პოლიტიკურ ძალასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს დაიწყებს. შერიგება უნდა იყოს შედეგი, მანამდე კი პროცესი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა დაიწყოს – ასეთია პრეზიდენტის მთავარი გზავნილი, რომელიც ორბელიანების სასახლეში საახალწლო მიღებაზე შეკრებილ პოლიტიკურ ლიდერებს პირადად გააცნო. პოლარიზაციის და დაძაბულობის შემცირებას ზურაბიშვილი მთავარ ამოცანად აცხადებს და პირობას დებს, რომ დარჩენილ საპრეზიდენტო ვადაში სწორედ ამ ამოცანის გადაჭრაზე იმუშავებს. ერთმანეთის მოსმენა, სიმართლის თქმა და წარსულთან ანგარიშების გასწორება – ასე ესახება პრეზიდენტს ეროვნული თანხმობის მიღწევა. თუმცა, არაერთგვაროვანი რეაქციები და მოლოდინია პოლიტიკურ აქტორებს შორის, რომლებსაც თავისი დათქმები აქვთ. მმართველი გუნდისთვის შერიგების წინაპირობა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანაშაულების და შეცდომების აღიარება, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიისთვის კი შერიგების გზა სააკაშვილის გათავისუფლებაზე და პოლიტიკოსების წინააღმდეგ აღძრული საქმეების შეწყვეტაზე გადის.