დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუციის 52-ე მუხლი, რომელსაც თავად უთითებდა მთავრობისთვის გაგზავნილ დოკუმენტებში და რატომ მიუთითებენ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები 49-ე მუხლზე, რომელიც პრეზიდენტის სტატუსს ეხება – საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
მმართველი გუნდის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება არის ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, რომელიც მყარდება სხვა ქვეყნის ოფიციალურ პირებთან და მას სჭირდება მთავრობის თანხმობა. კობახიძემ სხდომაზე მმართველი პარტიის საერთო პოზიციაც გაახმოვანა და თქვა, რომ კონსტიტუციის დარღვევის გამო ზურაბიშვილი პრეზიდენტობას აღარ იმსახურებს.
კითხვაზე თუ რატომ იგზავნებოდა პრეზიდენტის ხელმოწერილი დოკუმენტები თანხმობის მიზნით მთავრობასთან 52-მუხლის მითითებით, თუ ის 49- მუხლის ფარგლებში მოქმედებდა – პრეზიდენტის მხარის ახსნით, წარმოების გაუმართაობას უკავშირდება. ინტერესების დამცველებმა დღეს არაერთხელ თქვეს, რომ შეუთანხმებელი სამი ვიზიტის დროს პრეზიდენტი არც წარმომადგენლობით უფლებამოსილებას და არც საგარეო პოლიტიკას ახორციელებდა.