საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 12 საათზე დაიწყო.
80 დეპუტატის ხელმოწერილი წარდგინება პლენუმს ზეპირი მოხსენებით ირაკლი კობახიძემ გააცნო. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ საკუთარ გამოსვლაში რამდენჯერმე დაადანაშაულა სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში, არგუმენტად კი კანონის 52 მუხლი მოიყვანა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი უფლებამოსილია განახორციელოს საგარეო ვიზიტები მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში. ზურაბიშვილის მხრიდან თანხმობის მოთხოვნა და ვიზიტების პირადი სახსრებით დაფინანსება, ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის დარღვევის აღიარებად მიიჩნია.
კონსტიტუციურ წარდგინებას დაუსაბუთებელი უწოდეს პრეზიდენტის ინტერესების დამცველებმა. თამარ ჩუგოშვილმა და მაია კოპალეიშვილმა დღეს აქცენტი კონსტიტუციის 49-ე მუხლზე გააკეთეს, რომელიც პრეზიდენტის სტატუს განსაზღვრავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მუხლი პრეზიდენტის უფლებამოსილებას არ ეხება, სალომე ზურაბიშვილის მხარე სწორედ მასზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ კანონი არ დარღვეულა და პრეზიდენტს საგარეო ვიზიტების განხორციელების უფლება ჰქონდა.