საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის საკითხის განხილვის 3 ოქტომბერს ჩანიშვნის პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტი ლატვიაში ვიზიტით გაემგზავრა. დღეს სალომე ზურაბიშვილი მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდება. ხვალ კი მოლაპარაკებებს ლიეტუველ კოლეგასთან გამართავს. მთავარი განსახილველი თემა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის საზიანო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მმართველი გუნდის შეფასებით კი, პრეზიდენტი უზენაესი კანონის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს.