პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვამდე კი სალომე ზურაბიშვილი საგარეო ვიზიტებს განაგრძობს. პრეზიდენტს დღეს ლიეტუვის პირველმა პირმა უმასპინძლა. გუშინ კი სალომე ზურაბიშვილი ლატვიელ კოლეგას შეხვდა. პრეზიდენტის მორიგი ვიზიტი მმართველი გუნდისთვის ანტიკონსტიტუციურია.
„ქართული ოცნების“ მტკიცებით, ზურაბიშვილის მიერ გამართული შეხვედრების შედეგი სასარგებლო ვერ იქნება. ამასთან, უმრავლესობის დეპუტატები 3 ოქტომბრის სხდომისთვის ემზადებიან, რა დროსაც საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მხრიდან ქვეყნის უზენაესი კანონის შესაძლო დარღვევის საკითხი უნდა განიხილოს. რაც შეეხება ოპოზიციას, მმართველი პარტიის ოპონენტები ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მხარდაჭერას არ აპირებენ.