დაიწყო თუ არა სალომე ზურაბიშვილმა წინასაარჩევნო კამპანია, იქნება თუ არა ის ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი და პრეზიდენტად მეორედ არჩევის რა შანსები აქვს მას. კითხვები აქტუალური თავად სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადების შემდეგ გახდა. ახალგაზრდებთან შეხვედრისას მან თქვა, რომ ბედნიერი და ამაყი იქნება, თუკი ის შეხვედრაზე მყოფი ახალგაზრდების საპრეზიდენტო კანდიდატი იქნებოდა. მისივე განცხადებით, ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება კონსენსუსი როგორც ოპოზიციურ სპექტრში, ისე საზოგადოებაში. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ საწინააღმდეგო არაფერი ექნებათ, თუკი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის საერთო კანდიდატი იქნება. მეორე ნაწილი კი აქცენტს ახალ საპრეზიდენტო კანდიდატზე აკეთებს.
მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ სალომე ზურაბიშვილის გაცხადებული პოზიცია სიახლე არ არის და ეს მისი ბოლოდროინდელი პოლიტიკური ვექტორის ლოგიკური გაგრძელებაა.