საქართველოს პრეზიდენტი CNN-თან ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს არის ყველაზე მშვიდობიანი პროტესტი და ამის მიზეზი მოსახლეობის მოწიფულობაა, რაც მაგალითი უნდა იყოს მსოფლიოსთვის. ზურაბიშვილის თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ის იქნება პროევროპული ფრონტის ლიდერი და გახდება საქართველოს ევროპული კურსის გარანტორი, რაც მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან აქტიურ კომუნიკაციაში გამოიხატება.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ არის შემაშფოთებელი, რადგან ქვეყანას ევროპულ გზას აშორებს. CNN-ის წამყვანი დაინტერესდა, რამდენად ხედავს საქართველოს პრეზიდენტი საფრთხეს, რომ საქართველოში ის სცენარი განვითარდეს, რაც 2013 წელს უკრაინაში. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს საკუთარი მაიდანი უკვე გამოვლილი აქვს. აღნიშნულ ინტერვიუს ეხმაურება პოლიტიკური სპექტრი.