„პროცესი, რომელიც დგას ამ დოკუმენტის უკან, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს ამოწურული არ არის და წარმოადგენს იმ გზას, რომელიც საქართველომ აუცილებლად უნდა გაიაროს“- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ მხრიდან შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შეფასებისას გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი მმართველ პარტიის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ 19 აპრილს ხელმოწერილმა დოკუმენტმა სარგებელი უკვე მოიტანა, რისი პირველი ნიშანიც პოლარიზაციის შემცირება და პოლიტიკური პროცესის ქუჩიდან საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნება იყო. პრეზიდენტმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ევროპელ პარტნიორებთან მოქცევის წესები კიდევ ერთხელ განუმარტა და მმართველ გუნდსა და ოპოზიციას აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.
ზურაბიშვილს განცხადება არ მოიწონეს კრიტიკის მთავარმა ადრესატებმა, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი შეფასებებში არაობიექტური იყო. ოპოზიცია კი, რომელიც პრეზიდენტის პოზიციას ექვსი დღე ელოდა, დღეს აცხადებს, რომ ზურაბიშვილმა პროცესები ადეკვატურად შეაფასა.