უხერხულობის მეორე დღე უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგრძელდა, როცა საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ ქართული დიასპორის ფორუმზე დააგვიანა, შემდეგ კი მისთვის განკუთვნილი ადგილის დაკავებაზე თქვა უარი. ის ფეხზე მდგომი ელოდებოდა, როდის გახსნიდა საგარეო საქმეთა მინისტრი ღონისძიებას, რის შემდეგაც მან ტრიბუნა კვლავ ხელისუფლების კრიტიკისთვის გამოიყენა და შესაბამისი სამსახურები პროტოკოლის დარღვევაში დაადანაშაულა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი ღონისძიება დატოვა.
ზურაბიშვილის უკმაყოფილების საპასუხოდ პრემიერმა პროტოკოლის სამსახურების წარმომადგენელთა მაღალკვალიფიციურობაზე ისაუბრა და გაწეული სამსახურისთვის მათ მადლობაც გადაუხადა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით კი, ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით, რიგითობა არ დარღვეულა და მისთვის გაუგებარია პრეზიდენტის დამოკიდებულება.