პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში

საქართველოს პრეზიდენტის შერბილებული ტონი. 26, 27 მაისს მთავრობის მწვავე კრიტიკის შემდეგ, გაჩნდა მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის ტრიბუნას მსგავსი შინაარსის განცხადებისთვის გამოიყენებდა. შეცვლილი ტონის მიუხედავად, პრეზიდენტის გამოსვლაში ისმოდა მთავრობის მიმართ კრიტიკა, მან „ქართულ ოცნებას“ მუქარის შეწყვეტისკენ მოუწოდა და 12 რეკომენდაციის შესრულების ტემპიც დაუწუნა.

„ქვეყანამ წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს,“ – ეს იყო სალომე ზურაბიშვილის მთავარი გზავნილი, მან საქართველოს ურყევ ევროპულ არჩევანში ევროპარლამენტარების დარწმუნება ისტორიული მაგალითებითაც სცადა. კანდიდატის სტატუსი საქართველოს, კრიტიკა რუსეთსა და მხარდაჭერა უკრაინას – ეს კი ზურაბიშვილის გამოსვლის მთავარი აქცენტები იყო.