ოპოზიციის მოლოდინი არ გამართლდა.
სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დეკემბრის ბოლოს ხმაურის ფონზე დამტკიცებულ კანონს ვეტო არ დაადო. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების და მის ნაცვლად ორი სამსახურის შექმნის მიღმა პრეზიდენტი სამართლებრივ წინააღმდეგობებს ვერ ხედავს, თუმცა მმართველი გუნდის ინიციატივით მომზადებული კანონპროექტის მიმართ გარკვეული შენიშვნები მაინც აქვს. პირველ რიგში ეს პრეტენზია კანონის დაჩქარებულ ვადებში მიღებას ეხება, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უკმაყოფილება ჯერ კიდევ საპარლამენტო განხილვების დროს გამოთქვა. პერსონალური მონაცემების დაცვის და სამოხელეო დანაშაულის გამოძიების ფუნქციების გამიჯვნის შემდეგ, პრეზიდენტს ლონდა თოლორაიას მომავალიც აწუხებს. მისი მოწოდებაა, რომ სახელმწიფო ინსპექტორს ახლად შექმნილი ორი სამსახურიდან ერთ-ერთი ჩააბარონ.