მმართველი გუნდი პრეზიდენტისგან დაანონსებულ ვეტოს ელის. ეს იქნება ბოლო პროცედურა რეზონანსული კანონის ამოქმედებამდე. სწორედ ვეტო რჩება ახლა კანონმდებლობის კორექტირების ერთადერთ მექანიზმად. „ქართული ოცნება“ მზად არის, სამართლებრივი შენიშვნები განიხილოს და პოზიციების შეჯერების შემთხვევაში კანონის საბოლოო რედაქციაში ასახოს. საინტერესო იქნება ვენეციის კომისიის დასკვნაც, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა გამოქვეყნდეს. სალომე ზურაბიშვილი პოზიციას არ ცვლის და მოტივირებული შენიშვნების გაგზავნას არ აპირებს. რაიმე ფორმით კანონმდებლობის ცვლილებას წარმოუდგენლად მიიჩნევს მისი საპარლამენტო მდივანიც. ამიტომ ჩნდება კითხვა – რჩება თუ არა სივრცე დისკუსიისთვის და კანონის კორექტირებისთვის. თავის მხრივ პრეზიდენტს კონსტიტუციაზე მიუთითებენ კონსტიტუციონალისტები. ქვეყნის უზენაესი კანონის თანახმად, ვეტო მოტივირებულ შენიშვნებს გულისხმობს, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მეთაურმა პარლამენტს აუცილებლად უნდა მიუთითოს მისთვის მიუღებელ მუხლებსა თუ ჩანაწერებზე და კონკრეტული არგუმენტებით მათი შეცვლა ან საერთოდ გაუქმება მოითხოვოს. ყველაფერი ორ კვირაში გაირკვევა. პრეზიდენტს ვეტოს მოსამზადებლად ვადა 28 მაისამდე აქვს.