კიდევ ერთი ხელმოწერა პრეზიდენტის ქარტიაზე.
ოთხთვიანი ფიქრის შემდეგ გიორგი გახარია სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური სპექტრისთვის შეთავაზებულ სამოქმედო დოკუმენტს შეუერთდა. გეგმა, რომელიც ქარტიით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად პარლამენტის დროებით არჩევას, პრეზიდენტთან კოორდინაციით ასევე დროებითი მთავრობის ფორმირებას და რამდენიმე თვეში ხელახალი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს, თავის დროზე ექს-პრემიერის გუნდმა სწორედ დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების და დროებითი პარლამენტის არჩევის იდეის გამო დაიწუნა და სახელმწიფოს მეთაურის მიერ წარდგენილ გეგმას სამართლებრივი და პოლიტიკური ჩიხი უწინასწარმეტყველა, თუმცა, როგორც ჩანს, ახლა ყოფილი პრემიერის პარტია სხვანაირად ფიქრობს. გახარიას მხრიდან პოზიციის ცვლილებას წინ უძღოდა სწორედ სალომე ზურაბიშვილის მედიაციით პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე და უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებები, რომელიც გახარია-ხაზარაძეს შორის წინასაარჩევნო ალიანსის შექმნას ისახავდა მიზნად.