კანონის დამტკიცების შემდეგ ოპოზიცია ერთობის მისაღწევად აქტიურდება.
შექმნილ ვითარებაში ერთიანი ოპოზიციური ფრონტის ფორმირება მთავარ პოლიტიკურ ამოცანად სახელდება. კეთდება განცხადებები მიმდინარე საპროტესტო აქციების დაგეგმვა-ორგანიზებაში პოლიტიკური აქტორების ჩართვის აუცილებლობაზეც. ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებიც საპროტესტო გამოსვლების დაწყების შემდეგ ტრიბუნასთან პრაქტიკულად არ მიდიოდნენ და პროტესტის უკანა ხაზზე იდგნენ, გუშინ პოლიტიკურ სცენაზე გამოჩნდნენ. მათი მთავარი მოკავშირე ახლა მმართველ პარტიასთან დაპირისპირებული პრეზიდენტი ხდება, რომელიც ოპოზიციას ერთიანი პლატფორმის გარშემო გაერთიანებას სთავაზობს. სალომე ზურაბიშვილი მზად არის, რომ პლატფორმას თავად უხელმძღვანელოს. მობილიზაცია საპარლამენტო არჩევნებისთვის – ასეთია გზავნილი სახელმწიფოს მეთაურისგან, რომელიც ოქტომბრის საარჩევნო პროცესს რეფერენდუმად განიხილავს. ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან გაისმა მოწოდებები ტექნიკური მთავრობის მოთხოვნისკენ და საერთო საარჩევნო სიების შედგენისკენ, რისკენაც ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციურ ფლანგს არაერთხელ მოუწოდა. ოპოზიციის ნაწილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივებს და გეგმებს მათ რიგებში სკეპტიკოსებიც ჰყავს. სალომე ქოქიაშვილი არკვევდა, რა პერსპექტივა აქვს ოპოზიციური კოალიციის ფორმირებას და რა სტატუსით უხელმძღვანელებს მას სალომე ზურაბიშვილი – მოქმედი თუ გადამდგარი პრეზიდენტის სტატუსით.