პრეზიდენტის მიმართვა პარლამენტს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმის გამოძიების ვადის გახანგრძლივებას ითხოვს.

პარლამენტისადმი პრეზიდენტის მიმართვას, მისი პრესსამსახური ავრცელებს – „როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, არ შეიძლება, არ გავიზიარო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წუხილი და მოთხოვნა, გაგრძელდეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა. ვიცი, რომ ამისათვის საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებების გატარება, ეს კი პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის. მივმართავ საკანონმდებლო ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნას ჩემი და ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიებას ხანდაზმულობის ვადა 31 დეკემბერს ეწურება. საქმეზე ძიება 2015 წლის შემდეგ განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.