ცენტრმა „ემპათიამ“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნა დღეს გაასაჯაროვა.
ცენტრის მომზადებული დასკვნით, დაახლოებით 10-მდე დიაგნოზია დადგენილი, რაც შეუთავსებელს ხდის სააკაშვილის პატიმრობას, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტული დიაგნოზები არ საჯაროვდება. ჯამში კი საუბარია 20-ზე მეტ დიაგნოზზე. მომზადებული დასკვნა არის 194-გვერდიანი და ახლავს 22 დანართი, სულ ჯანში არის 2 980 გვერდი. დასკვნის მიხედვით, სააკაშვილი დაპატიმრებამდე სრულიად ჯანმრთელი იყო, აღენიშნებოდა არტერიული ჰიპერტენზია, იღებდა სიმპტომურ პრეპარატებს. ამჟამად კი აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრებს ტკივილი, კუნთების განლევა, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან ინტოქსიკაციის შედეგებსაც. „ემპათიას“ დასკვნის მიხედვით, „სააკაშვილი საქართველოს ციხეთა სისტემაში დაექვემდებარა შესაძლო წამებასა და არასათანადო მოპყრობას“. ასევე დასკვნის მიხედვით, სააკაშვილს ესაჭიროება რამდენიმე ოპერაციაც. დასკვნის მომზადებაში ჩართული ექსპერტები ამბობენ, რომ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაყვანილი უნდა იყოს აშშ-ის ან ევროკავშირის ქვეყნების რომელიმე წამყვან კლინიკაში.