პრემიერ-მინისტრს საკურორტო ზონებში არსებული ვითარება არ მოსწონს. მამუკა ბახტაძე არსებული ინფრასტრუქტურით და საკურორტო სეზონებისთვის მზადების დონითაა უკმაყოფილო. რაჭიდან დაბრუნებულმა მთავრობის მეთაურმა პასუხისმგებელ პირებს სიტუაციის გამოსასწორებლად ბოლო გაფრთხილება მისცა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პრემიერის კრიტიკა საკუთარ თავზე ერთის გარდა არცერთმა შესაბამისმა უწყებამ არ მიიღო. როგორც ირკვევა, რამდენიმე კურორტზე გზების და დასვენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობის კუთხით სერიოზული პრობლემებია. მათ შორის ბაკურიანში, სადაც საზაფხულო სეზონი უკვე დასასრულს უახლოვდება, გზების სარეაბილიტაციო პროექტები კი ჯერ ისევ გრძელდება.