გაერო-ს უმაღლესი ტრიბუნიდან გაჟღერებული გზავნილებით კმაყოფილია მმართველი გუნდი, ოპოზიცია მიმართვის აქცენტებს იწუნებს.
ხელისუფლება განსაკუთრებით გამოსვლის იმ ნაწილზე მიუთითებს, სადაც პრემიერი მშვიდობის მიღწევის პროცესში საქართველოს წვლილზე და ამ მიზნით ქვეყნის პოზიციონირებაზე საუბრობდა. „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტექსტში მხოლოდ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით მოქმედება იყო ხაზგასმული.
ოპოზიციას გამოსვლის მიმართ არაერთი პრეტენზია აქვს. მთავარი შენიშვნა ოკუპაციის ნაწილს ეხება. ოპონენტებს აინტერესებთ, რატომ არ ახსენა პრემიერ-მინისტრმა საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ოჯახებზე და ოკუპაციაზე საუბრის დროს რუსეთი. ოპოზიციონერი ლიდერების დღის წესრიგიდან არ იხსნება აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაც. ოპოზიციის აზრით, ბაიდენის სახელით მსოფლიო ლიდერებისთვის გამართულ მიღებაზე საქართველოს პრემიერის მოსაწვევის გაუქმება ოფიციალური თბილისის ბოლოდროინდელ ქმედებებსა და რიტორიკაზე ადეკვატური პასუხია. სწორედ სტრატეგიული პარტნიორების ურთიერთობის დინამიკის და არჩევნების მოახლოების გათვალისწინებით ვაშინგტონიდან განცხადებების კიდევ უფრო გამკაცრებას ელოდება ხელისუფლება.