პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა პარლამენტში რიგგარეშე სესიის ფორმატში გაგრძელდება. გუშინ ღამის 12 საათზე საგაზაფხულო სესია ისე დასრულდა, რომ დეპუტატებმა პოლიტიკური დებატების გამართვა ვერ მოასწრეს. საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დაიხურა. ანგარიშის მოსმენა ორშაბათს, 28 ივნისს რიგგარეშე სხდომაზე გაგრძელდება, რომლის მოწვევის თხოვნითაც პრეზიდენტს უკვე მიმართეს.
პროცედურის შესაბამისად, დარჩენილია პოლიტიკური დებატები, რა ფორმატშიც პოლიტიკურ ძალებს გამოსვლების საშუალება ექნებათ. ამ პროცედურის ამოწურვის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრს შეეძლება, შემაჯამებელი სიტყვით ისარგებლოს. ყოველწლიური ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ პრემიერ-მინისტრმა პანდემიასა და ეკონომიკისთვის შექმნილ პრობლემებზე საუბრით დაიყო. თქვა, რომ ხელისუფლება აქტიურად ატარებს მთელ რიგ ღონისძიებებს შექმნილი გამოწვევების დასაძლევად.
45-წუთიან გამოსვლაში ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის, განათლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა. ასევე დეპუტატებს წარუდგინა განვითარების ათწლიანი გეგმა. პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენა დაახლოებით რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პრემიერ-მინისტრს კითხვით 70-მა დეპუტატმა მიმართა. სხდომა მწვავე კამათის ფონზე წარიმართა.