პრემიერი: მცირე მეწარმეებისთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი ამოქმედდება
მცირე მეწარმეებისთვის ახალი, შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი ამოქმედდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საკანონმდებლო ინიციატივა, მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადს 5%-დან 1%-მდე დაიწევს.
გარდა ამისა, თუკი აქამდე 100 000 ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე ფიზიკური პირი ითვლებოდა მცირე მეწარმედ, ახლა ეს ზღვარი 500 000 ლარამდე გაიზარდა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ეს არის მნიშვნელოვანი შვება მცირე მეწარმეებისთვის და წახალისება ახალი მეწარმეების, რომლებსაც სურთ საქმიანობის წამოწყება.
ოპოზიცია ახალ ინიციატივას დაგვიანებულს, თუმცა, საკმაოდ მნიშვნელოვანს უწოდებს. ევროპული საქართველოს ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, მცირე ბიზნესის გასავითარებლად სწორი ნაბიჯი გადაიდგა.
ინიციატივას მიესალმება ბიზნესომბუდსმენიც.