პრემიერი ლუგარის ცენტრში

საქართველოს პრემიერი ჯანდაცვის მინისტრთან ერთად დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და რიჩარდ ლუგარის ცენტრში იმყოფებოდა.

თანამშრომლებთან შეხვედრისას, გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის უდიდეს წვლილს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში.

პრემიერის შეფასებით, სწორედ ცენტრის თანამშრომელთა პროფესიონალიზმისა და უდიდესი ძალისხმევის შედეგია ის, რომ ქვეყნის ეპიდ-სიტუაცია ამ ეტაპზე კონტროლირებადია. ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ პრემიერ-მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ კვლევების, მათ შორის „კოვიდ-19“-ის კვლევების შესახებ, რომლებიც ლუგარის ლაბორატორიაში ტარდება. აღინიშნა, რომ ტესტირების გაფართოებასთან ერთად, დიაგნოსტირებაში ჩაერთო 18 ლაბორატორია. თუ მარტში დღიურად 73 კვლევა ტარდებოდა, ზაფხულის პერიოდში ტესტირება გაფართოვდება და აგვისტოში ეს რიცხვი 4 000-ს მიაღწევს, ხოლო შემოდგომისთვის, დღეში 10 000-მდე ნიმუშის ტესტირება იგეგმება.