ოპოზიციამ პარლამენტში ირაკლი კობახიძეს მოუსმინა.
პრემიერობის კანდიდატი მთავრობის შემადგენლობასთან ერთად ოპოზიციურ ფრაქციებსა და ჯგუფებს გაერთიანებული შეხვედრის ფორმატში ხვდებოდა. პრიორიტეტები, გეგმები, მთავარი ამოცანები – დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე მთავრობის მომავალი ხელმძღვანელი ოპონენტებს არჩევნებამდე პერიოდზე გათვლილ ათთვიან სამთავრობო პროგრამას აცნობდა. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ყოფილი კოლეგის მწვავე კრიტიკის ფონზე წარიმართა.
რატომ შეიცვალა ყოფილი პრემიერი, როგორ აპირებს ახალი პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის ცხრაპუნქტიანი დავალების შესრულებას, სიღარიბესთან და უმუშევრობასთან ბრძოლის და საგარეო ასპარეზზე პოზიციონირებას – ეს ოპოზიციის მხრიდან დასმული კითხვების არასრული ჩამონათვალია. ირაკლი კობახიძის გამოსვლამ დღეს ყველა სფერო მოიცვა, განსაკუთრებული აქცენტი გაუმჯობესებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე გაკეთდა, რასაც ოპონენტებმა საკუთარი სტატისტიკა დაუპირისპირეს. პროტესტის მიზეზი გახდა შეხვედრის ფორმატიც. „ლელო“ და გახარიას გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის თავმჯდომარეობით მიმდინარე სხდომას არ დაესწრო.