როგორც მოსალოდნელი იყო, ხმაურიანი აღმოჩნდა პრემიერობის კანდიდატის მოსმენა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტის გეგმა შეცვალა და გაუქმებულად გამოცხადებული ფრაქციის შეხვედრა გიორგი გახარიასთან დღეს მაინც გამართა. მოსმენა 20-21 ივნისის მოვლენების ამსახველი კადრების ჩვენებით დაიწყო. მხოლოდ ამ თემაზე დაისვა ოპონენტების კითხვებიც.
შეხვედრა აქციის ფონზე მიმდინარეობდა. მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტები პარლამენტში შესვლას და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისთვის კითხვების დასმას ითხოვდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამტკიცებდნენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებდნენ მაკო გომურსაც, რომელმაც 20 ივნისის ღამეს თვალი დაკარგა. თუმცა როგორც გომურის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტიდან გახდა ცნობილი, ის თბილისში საერთოდ არ იმყოფებოდა. ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს განმარტებების გაკეთებაც დასჭირდა. საბოლოოდ მოსმენა შეწყდა. ოპოზიციურმა პარტიამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.