პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში სტუმრად მყოფ ევროკავშირის დელეგაციის წევრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა დიპლომატებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არაფორმალურ გარემოში განიხილა. ამასთან აღსანიშნავია, რომ თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით, რეგიონული ამბასადორიალი იგეგმება. ღონისძიება გარკვეული პერიოდულობით იმართება და კონკრეტული რეგიონის ქვეყნების მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის განხილვის მნიშვნელოვან ფორუმს წარმოადგენს. როგორც ოფიციალურ ვახშამზე აღინიშნა, ამბასადორიალის საქართველოში გამართვა ხაზს უსვამს ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობას რეგიონში; მათ შორის, საქართველოს როგორც ძლიერი მოკავშირის როლს ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში.