11-წლიანი მმართველობის შეჯამება, გეგმები, სამომავლო პროექტები – მთავრობამ, მმართველმა გუნდმა, საკანონმდებლო ხელისუფლებამ და დიპლომატიურმა კორპუსმა პრემიერის წლიური ანგარიში მოისმინეს.
წლის მთავარ მიღწევად და საგარეო პოლიტიკის მთავარ მონაპოვრად 14 დეკემბრის ისტორიული გადაწყვეტილება და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დასახელდა. საგარეო პრიორიტეტები, ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური მიმართულებები, ხელფასები, პენსიები – შეჯამდა ყველა სფერო და დაანონსდა ახალი ინიციატივები და გეგმები. სხვადასხვა სფეროში გაუმჯობესებული მაჩვენებლების სადემონსტრაციოდ სტატისტიკა და სარეიტინგო კვლევების მონაცემებიც წარმოადგინეს. განსაკუთრებული აქცენტი ბოლო წლებში ეკონომიკის ზრდაზე და სიღარიბის შემცირებაზე გაკეთდა. შემაჯამებელი ანგარიში პოლიტიკურ გზავნილებსაც მოიცავდა. საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე და ამ კონტექსტში ცალკეული ოპოზიციური ძალების კრიტიკა დღევანდელ გამოსვლაშიც აქცენტირებული იყო.