იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქრისტეს ყოვლადწმინდა საფლავის რაინდის ორდენითა და მაცხოვრის ძელიცხოვლის გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა. ქართულ დელეგაციას ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, საპატრიარქოში უმასპინძლეს. ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ორდენი და ჯვარი მიენიჭა, დაჯილდოების ცერემონიაზე იერუსალიმის საპატრიარქოს მდივანმა, მთავარეპისკოპოსმა არისტარხოსმა წაიკითხა. პრემიერ-მინისტრმა პატრიარქ თეოფილოს მესამეს მადლობა გადაუხადა ჯილდოსთვის და პერსონალური წვლილისთვის მდინარე იორდანესთან, საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის საქმეში. ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად, იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარშიც იმყოფებოდა.