ჩინეთიდან ახალი გზავნილები პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემა ხდება საქართველოში.
მმართველი გუნდი ოფიციალურ პეკინთან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებით ორი ქვეყნის ურთიერთობაში მნიშვნელოვან ძვრებს ელის. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საქართველოს, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი ქვეყნის, გეოპოლიტიკური მნიშვნელობის კიდევ უფრო ზრდაზე და ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებით მოსალოდნელ სარგებელზე. ყურადღება მახვილდება ისტორიული აბრეშუმის გზის პროექტში ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური დატვირთვის უფრო მეტად ხაზგასმაზეც. თუმცა, კითხვები აქვთ ხელისუფლების ოპონენტებს. ოპოზიციის ნაწილს აინტერესებს, რა იგულისხმება აზიურ ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაში და ხომ არ აისახება ეს გადაწყვეტილება ქვეყნის საგარეო კურსზე.