რეფორმები და ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების ტემპის დაჩქარება – ასეთია ბრიუსელის მთავარი გზავნილი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებამდე ექვსი თვით ადრე.
ევროკავშირის ლიდერებთან საქართველოს პრემიერის შეხვედრის ფონზე ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში არსებული განწყობები მმართველი გუნდისთვის დამაიმედებელი პროგნოზის საფუძველს აძლევს. „ქართული ოცნება“ ივნისის ბოლოსთვის ევროკომისიის 12-ვე რეკომენდაციაზე მუშაობის დასრულებას და კანდიდატის სტატუსისთვის ერთი წლის წინ მიღებული დავალების 100 %-ით შესრულებას აანონსებს. თუმცა, პოლიტიკური გადაწყვეტილებიდან გამომდინარე სტატუსზე უარის ალბათობას მაინც უშვებს და ამ კონტექსტში გლობალური ომის ძალის გავლენაზე მიუთითებს. ხელისუფლებისგან გასხვავებით, რეფორმების ნაწილს ამ დრომდე შეუსრულებლად აცხადებს ოპოზიცია. ის ოპოზიციური ძალებიც, რომლებიც 12 პუნქტზე სამუშაოდ შექმნილ ჯგუფებს პირველივე დღიდან გაემიჯნენ, მთელ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებენ. რეფორმებზე ერთად მუშაობა – შემცირების ნაცვლად მზარდი პოლარიზაციის ფონზე უცვლელი რჩება ევროკავშირის მოწოდება ყველა პოლიტიკური ძალის მისამართით.