პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში 

ვიზიტი, რომლის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალია.

საქართველოს პრემიერი ბრიუსელში ჩავიდა. პირველი, ვისაც ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტია. სწორედ შარლ მიშელის ინიციატივით და მედიაციით დაიწყო ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ორი კვირის წინ მოლაპარაკებები. ბუნებრივია, დღევანდელ შეხვედრაზე საუბრის თემა მიშელის პირადი წარმომადგენლის მიერ თბილისში ბოლო სამი დღის განმავლობაში გამართული მოლაპარაკებები და პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზებია. არანაკლები ინტერესია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ხვალინდელი სხდომის მიმართ, სადაც ქართულმა დელეგაციამ ასოცირების შეთანხმების ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ერთწლიანი ანგარიში უნდა წარადგინოს.