პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

პრემიერის რანგში ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში დასრულებულია. ევროკავშირის ლიდერების შემდეგ, მთავრობის მეთაური გუშინ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს შეხვდა. მოლაპარაკებებს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: „იმედი მაქვს, საქართველო გააძლიერებს რეფორმებს ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციის გზაზე. საქართველო არის ღირებული პარტნიორი და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მივესალმები საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ“ – წერს იენს სტოლტენბერგი. ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრას აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ საქართველო ნატო-ში ინტეგრაციისათვის კონკრეტულ პოლიტიკურ ნაბიჯებს ელის. საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესით, მტკიცე ვალდებულებითა და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში წვლილით, ჩვენ ველით კონკრეტულ პოლიტიკურ ნაბიჯებს ნატო-ში საქართველოს მისაღებად.“ – წერს ირაკლი კობახიძე.

პრემიერის ბრიუსელში ვიზიტსა და გზავნილებს თბილისში აფასებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში, პრემიერს წარმატებული შეხვედრები ჰქონდა. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ ევროგაერთიანების კარი საქართველოსათვის ღიაა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ცხრა დათქმას შეასრულებს.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ რეფორმების გატარებას არ აპირებს.