შეხვედრები ევროკავშირის ლიდერებთან.
რა სამუშაოები ჩატარდა ივნისიდან ივნისამდე ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის – კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველოს პრემიერი ერთწლიან სამუშაო პროცესს პირადად აცნობს იმ ადამიანებს, რომლებმაც დეკემბერში პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა, გამჭვირვალობა – ასეთია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მთავარი გზავნილი ექვსი თვით ადრე. შარლ მიშელმა ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო სადილის ფორმატში უმასპინძლა. ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივა განხილვის მთავარი თემა იყო გაფართოების საკითხებში ევროკომისართან და ბელგიის პრემიერთანაც. ვარჰეი ქვეყანას 12 პუნქტის შესრულების დაჩქარებისკენ მოუწოდებს. ქართული დელეგაციის მოლოდინია, რომ წლის ბოლოს გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული და ის ქვეყნის შიგნით მზარდ პოლარიზაციას შეამცირებს. გაუარესებული უსაფრთხოების და რეგიონული გამოწვევების ფონზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობა პრემიერმა ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლაშიც ახსნა – ბრიუსელში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე პრემიერ-მინისტრმა ევროპელ პარტნიორებს სიტყვით მიმართა.
რა გზავნილებით ჩავიდა და რა განწყობები დახვდა ქართულ დელეგაციას ბრიუსელში, – სალომე ქოქიაშვილი ბელგიის დედაქალაქიდან.