ახალი გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები: პრემიერად დანიშვნის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანს უკვე მეორედ სტუმრობს.
ბაქოსა და ერევანს შორის საქართველოს წარმატებული შუამავლობის, კავკასიის რეგიონში არსებული ახალი გეოპოლიტიკური სურათის და ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო მისიის კონტექსტში ვიზიტის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო იზრდება. სწორედ აზერბაიჯანის დედაქალაქში გაგრძელდა იმ სამშვიდობო ინიციატივაზე საუბარი, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს ტრიბუნიდან გააჟღერა. ამერიკის და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო სამეზობლო ინიციატივას ბაქოში პოზიტიურად ხვდებიან. ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია ისიც, რომ 10 წლის შემდეგ პირველად საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია ისევ შეიკრიბა. ქართული დელეგაცია ბაქოდან ექვსი ახალი დოკუმენტით ბრუნდება.