პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პირველ რიგში მოქალაქეების, ექიმების, პოლიციისა და ერთობლივად ყველას დამსახურებაა, რომ თბილისი და ბათუმი ევროპაში კოვიდისგან ყველაზე სუფთა ქალაქებად გამოცხადდა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადა, სადაც უწყების სრულ შემადგენლობას პოლიციის დღე მიულოცა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველო რეგიონში და ევროპაში ყოველთვის უნდა დარჩეს ვირუსის გავრცელების სისწრაფის და გეოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანად მაკონტროლებელი და ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ქვეყანა, რომელიც მეტ ტურისტს მიიღებს და მოქალაქეებიც მეტ სარგებელს ნახავენ.