საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი იყო, ასევე ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა. ევროინტეგრაციაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტ დროს, საქართველოს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. მან ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმოიხილა. შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს ორმხრივი ურთიერთობებისა და პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება-გაღრმავებისთვის მზაობა. შეხვედრაზე განხილული იყო ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.
საქართველოს პრემიერი ჩეხეთის პრეზიდენტსაც შეხვდა. ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა დაეხმარება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე. პრემიერმა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკაზე მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, ირაკლი ღარიბაშვილმა და პეტრ პაველმა შეხვედრაზე იმსჯელეს მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე. საქართველოს პრემიერი ესტონეთისა და ჩეხეთის პრეზიდენტებთან შეხვედრას „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზეც გამოეხმაურა.