ხმაურიანი აღმოჩნდა პრემიერის საპარლამენტო გამოსვლა.
მთავრობის მეთაურის რიტორიკა ოპონენტების მისამართით ამჯერადაც განსაკუთრებით მწვავე იყო. პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციას გაკოტრებული უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლები ეროვნული ინტერესების ღალატში და ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში დაადანაშაულა. გამოსვლის ძირითადი ნაწილი უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობის საგარეო პოზიციონირებას დაეთმო. სწორედ რუსეთის მიმართ დასავლეთის სანქციებთან დაკავშირებულ ე.წ. შავ ხვრელებს ეხებოდა ის კითხვა, რომელზე პასუხის გასაცემად „ლელომ“ პრემიერი პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაიბარა. მთავრობის ხელმძღვანელმა ოპოზიციას დღეს რამდენჯერმე გაახსენა საქართველოს მიმართ უკრაინელი მაღალჩინოსნების მძიმე ბრალდებები და ომის მეორე ფრონტის გახსნის შესახებ ცნობილი განცხადებები და დაინტერესდა, რატომ არ დარჩა მსგავსი გზავნილები ოპოზიციის რეაგირების გარეშე.