პრემიერ-მინისტრის გზავნილები - პოლიტიკური შეფასებები

პრემიერის გამოსვლას მწვავე კრიტიკის გარეშე არც ამჯერად ჩაუვლია.

ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ გზავნილებს თბილისში საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე მთავრობის მეთაურის გამოსვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერების მიმართ საერთაშორისო სანქციების ამოქმედებას ითხოვს. განსაკუთრებით რეზონანსული მიმართვის ის ნაწილი აღმოჩნდა, სადაც პრემიერ-მინისტრმა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად უკრაინის მხრიდან ნატოში გაწევრიანების სურვილი და ორგანიზაციის გაფართოება დაასახელა. ოპონენტები მთავრობის მეთაურის გზავნილებში ანტიდასავლურ რიტორიკას და რუსეთისთვის სასარგებლო აქცენტებს, მმართველი გუნდის ლიდერები კი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას ხედავენ. მხარეები ვერც პოლარიზაციის გამომწვევ მიზეზებზე თანხმდებიან, რაზეც დღეს ბრატისლავაში არაერთი შეკითხვა დაისვა.