უკიდურესად პოლარიზებული გარემო და გაძლიერებული საერთაშორისო ზეწოლა – პრემიერის გზავნილებმა შიდა პოლიტიკური ვნებათაღელვა კიდევ უფრო გაამძაფრა.
მთავრობის მეთაურის მიმართვის ადრესატები აქციაზე მდგომი ახალგაზრდები არიან. მთავრობის მეთაური უცხოური გავლენის გამჭვირვალობის წინააღმდეგ დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ და მათ მიერ მართულ-დაფინანსებული ძალადობრივი ახალგაზრდული ჯგუფების ორგანიზებულად აცხადებს. პრემიერ-მინისტრი ცდილობს, დემონსტრაციებზე გულწრფელი პროტესტით მისულ ახალგაზრდებს აქციების ორგანიზატორების პოლიტიკურ ინტერესებზე და ძალადობრივ გეგმებზე მიუთითოს. სწორედ ამ კონტექსტშია გაანალიზებული 2020 წლიდან დღემდე განვითარებული მოვლენები. დეზინფორმაციის მიზანმიმართული კამპანია, პროვოკაციები, შინაარსობრივ განხილვაზე უარი – ოპონენტების მიმართ გაჟღერებულ ამ და სხვადასხვა გზავნილთან ერთად რეზონანსი გამოიწვია მიმართვის იმ ნაწილმაც, სადაც ამომრჩევლებში ინტელექტის დონის მიხედვით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებზეა საუბარი.
ოპოზიციაზე არანაკლებ კრიტიკული და მძაფრი აღმოჩნდა პრეზიდენტის რეაქცია, რომელმაც მიმდინარე მოვლენებზე სასაუბროდ დღეს სწორედ აქციების მონაწილე ახალგაზრდებს უმასპინძლა.