ხელისუფლება კანონპროექტის უკან გაწვევას არ აპირებს.
პარლამენტში კენჭისყრის დასრულებიდან მალევე პრემიერის საგანგებო ბრიფინგი მოეწყო. რიტორიკა უცვლელია – ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მთავრობის მეთაური ექსტრემიზმის და რადიკალიზმის დაფინანსებაში ადანაშაულებს. ამ კონტექსტში განიხილება 2020 წლის არჩევნების შემდეგ განვითარებული პროცესები, ანუ „ისფედის“ პარალელური დათვლის გარშემო სკანდალი და პარლამენტის ბოიკოტირება და 2022 წელს კანდიდატის სტატუსზე უარის შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციები. პრემიერ-მინისტრი კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა მწვავე კრიტიკას უარგუმენტოდ მიიჩნევს და შეთავაზებას ძალაში ტოვებს. ირაკლი კობახიძე სადავო ინიციატივის გარშემო საერთაშორისო პარტნიორებთან ღია დებატების გასამართად მზად არის. საკმაოდ მწვავე იყო ტონი პრეზიდენტის მისამართით, რომელსაც პრემიერმა უცხოური გავლენის აგენტი უწოდა.