პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში - შეკითხვები და შეფასებები, რისთვის გამოიყენა ოპოზიციამ მთავარი ტრიბუნა
„კოვიდ-19“-ის პანდემიის ნაცვლად, დღეს პარლამენტის დარბაზში ძირითადად პოლიტიკური განცხადებები და ურთიერთბრალდებები ისმოდა. ოპონენტების მწვავე ბრალდებებს მმართველი გუნდის წევრები დღეს კონკრეტული ციფრებითა და ფოტოებით პასუხობდნენ. ოპოზიციის დღის წესრიგში ისევ აქტუალური იყო კითხვები – რატომ არ უბრუნდებათ მოქალაქეებს საპენსიო ფონდში გადარიცხული თანხები და რამდენით შემცირდა პანდემიის დროს ბიუროკრატიული ხარჯები. ოპონენტებმა ხელისუფლება კორუფციაში და ქვეყანაში სიღარიბის ზრდაში დაადანაშაულეს, რასაც პასუხად მსოფლიო ბანკის სტატისტიკა მოჰყვა.
პრემიერმა ოპოზიციას პირდაპირ უთხრა, რომ მათ მიერ მომზადებული ალტერნატიული ანტიკრიზისული გეგმა პოლიტიკური ქულების ჩასაწერად მომზადებული დოკუმენტია, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკურ კოლაფსს შექმნის. ხუთსაათიანი შეხვედრის დროს პრემიერს ოპონენტებმა ტონის შეცვლა რამდენჯერმე ურჩიეს.